saqarTvelos buneba - geografia

 

გეოგრაფია - (ინგ. Geography) (რუს. География)

საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს, სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს.

გეოგრაფიის შესწავლის ზოგადი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა. საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ გეოგრაფიულ დისციპლინათა გაერთიანება მეცნიერებათა ერთ სისტემაში განპირობებულია მათი საკვლევი ობიექტების მჭიდრო კავშირითა და მეცნიერების ამოცანათა ერთობით. გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტია გეოგრაფიული გარსი, ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც, შესაბამისად, პერიოდული და ეპიზოდური. სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით.

გეოგრაფიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფიზიკური გეოგრაფია და საზოგადოებრივი გეოგრაფია. ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის ბუნებას, არკვევს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების მიზეზებსა და მათი განვითარების კანონზომიერებებს; საზოგადოებრივი გეოგრაფია გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე არსებული ანთროპოგენული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს. მისი შესწავლის ზოგად ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა.

განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კარტოგრაფია მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. წარსულში გეოგრაფია აღწერითი ხისიათისა იყო, ამჟამად მისი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის შესწავლა.

ეტიმოლოგია და საგანი

ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „დედამიწის აღწერას“ ნიშნავს: geo (γη) „მიწა“, graphein (γραφειν) – „აღწერა“.

კაცობრიობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს დედამიწის მთელი გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კომპლექსურ შესწავლას, მის აგებულებასა და მნიშვნელობას. ამავ დროულად, გეოგრაფიული ანუ ლანდშაფტური გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. გეოგრაფია ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა. მისი მთავარი ნაწილია ფიზიკური გეოგრაფია, რომელიც აღწერს დედამიწის გეოგრაფიულ გარსსა და მის სტრუქტურულ ნაწილებს. ფიზიკური-გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა მთელი დედამიწის ზედაპირის ბუნების შესწავლა და აღწერა, ბუნებრივი პროცესებისა და მისი მოვლენების გარკვევა.

გეოგრაფიის ისტორია

ანტიკური პერიოდი (ძვ. წ. VI ს. - ახ. წ. III ს.)

გეოგრაფია კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალგზის შეიცვალა გეოგრაფიის ამოცანები და შინაარსი. თავდაპირველად გეოგრაფიას აღწერითი ხასიათი ჰქონდა, XIX საუკუნეში კი მეცნიერებად ჩამოყალიბდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ელემენტარული გეოგრაფიული წარმოდგენა იმდოინდელ ყველა საზოგადოებას გააჩნდა. აღნიშნული წარმოდგენები გამოიხატება ადგილობრივ გეოგრაფიულ ტერმინებში; მაგალითად ტერმინები „ტბა“ ან „ტყე“ გამოხატავდა როგორც ამა თუ იმ ადგილის მდებარეობას და სხვ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმ დროს საზოგადოებას საკმოდ ფართო ცოდნა ჰქონდა ამა თუ იმ მონაკვეთის ტერიტორიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. თუმცა სისტემატიური გეოგრაფიული აზრი ჩამოყალიბდა მხოლოდ ძველ ბერძენ ნატურფილოსოფიურ ცოდნაში.

სისტემატიური ცოდნა ჩაისახა ძველ ბერძენთა მიერ შექმნილ მილეტის, პითაგორისა და სხვა სკოლებში, სადაც განიხილებოდა ბუნების მთლიანობისა და სხვა საკითხები. მაინც ძველად, წარსულში მცირე რაოდენობით მოხერხდა გეოგრაფიული ცოდნის შეგროვება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმ დროს ჩაისახა თანამედროვე გეოგრაფიის არაერთი დარგის საფუძველი. თავდაპირველად ჩამოყალიბდა ქვეყანათმცოდნეობა, რადგან საზოგადოებას უფრო აინტერესებდა თავის სივრცითი გარემოს გარკვევა. ქვეყანათმცოდნეობას როგორც საბუნებისმეტყველო მიმდინარეობას მხოლოდ აღწერითი ხასიათი ჰქონდა. ძველ ბერძნულ წყაროებში პირველი ქვეყანათმცოდნეების დანიშნულება იყო სანაპიროებისა და ხმელეთის აღწერა და ასევე დედამიწის მოვლა.

ჰეკატეოს მილეტელმა (დაახლ. ძვ.წ. 549/546-დაახლ.ძვ.წ. 480) პირველმა დაიწყო ლიბიის (აფრიკა) გამოყოფა. ანუ იმ დროს უკვე ხდებოდა იმდროინდელი დედამიწის ზედაპირის ბუნებრივად დანაწევრება. ერთ-ერთი ისტორიკოს გეოგრაფი აღნიშნავდა რომ, ჰეკატეოსის შრომებში შეინიშნებოდა კლიმატის, ფაუნისა და ფლორის მიმართ სამეცნიერო ინტერესი. აქედან გამომდინარე ეს იყო პირველი შრომა საერთო გეოგრაფიის თემატიკაზე. ამასთანავე ჰეკატეოს მილეტელმა პირველმა შეადგინა ხმელეთის დასახლებული ნაწილის კარტოგრაფიული გამოსახულება.

უძველესი გეოგრაფიული თხზულება, რომელმაც ჩვენამდე თითქმის მთლიანად მოაღწია არის ჰეროდოტეს ცნობილინაშრომი. ჰეროდოტე (დაახლ. ძვ.წ. 485-დაახლ.ძვ.წ. 424) დიდი ისტორიკოსი და ქვეყანათმომლახველი იყო, რომელმაც არაერთ იმ დროს ცნობილ ქვეყანასა და ქალაქებში იმოგზაურა და საბოლოოდ აღწერა ნანახი. მიუხედავად არაგეოგრაფიული სახელწოდებისა, მისი თხზულება წარმოადგენს გეოგრაფიული ხასიათის აღწერას, რომელშიც ქვეყანათმცოდნეობასთან ერთად გაშუქებულია ეთნოგრაფიული მასალაც. ამასთან ერთად ჰეროდოტემ გამოიჩინა ინტერესი ისტორიული გეოგრაფიისადმიც.

ანტიკური გეოგრაფიული ცოდნა დაგვირგვინებულია სტრაბონის მიერ დაწერილ შრომაში „გეოგრაფია 17 წიგნად“. სტრაბონის აღნიშნული შრომა წარმოადგენს ქვეყანათმცოდნეობითი შინაარსის ნაწარმოებს. მისი ნაშრომის მოცულობის დაახლ. 83% დაყრდნობილია ქვეყნების რეგიონალურ დახასიათებაზე, კერძოდ ბუნებრივი, ეთნიკური და პოლიტიკური პრინციპებით. სტრაბონმა ტავრის მთიანი სისტემის მიხედვით შემოგვთავაზა აზიის ორ ნაწილად დაყოფა. იგი წერდა რომ, საჭიროა ოიკუმენეს დაყოფა წრეებად, რათა მეცნიერებს შეეძლოთ ფაუნის, ფლორისა და კლიმატის ცვლილებების ჩვენება. იმ დროს სტრაბონს განსაკუთრებით ბიზანტიელები აფასებდნენ, რომლებიც მას გეოგრაფს უწოდებდნენ.

გეოგრაფიის მეორე მიმდინარეობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ჩაისახა იყო მიწათმცოდნეობა (ზოგადდედამიწისმცოდნეობა), რომლის ჩარჩოებში განიხილებოდა დედამიწის ფორმა, სარტყლები, ხმელეთისა და წყლის ურთიერთკავშირი და ასევე მრავალი ბუნებრივი მოვლენის მიზეზი. ამ მიმართულების პირველშემქმნელი იყო თალეს მილეტელი (ძვ.წ. 624-547). იგი იყო იმდროინდელი მთელი ფილოსოფიისა და ზოგადად მეცნიერების პირველშემქმნელი. თალესმა ბუნების მოვლენების ახსნა სცადა მატერიალისტურ საფუძველზე. მან სამყაროს არსად ანუ მრავალფეროვან მოვლენათა და საგანთა პირველსაწყისად წყალი მიიჩნია. მისი აზრით, ყველაფერი წყლისაგან წარმოიქმნება და წყალად გარდაიქმნება. თალესი ბუნებას გასულიერებულად წარმოიდგენდა. ამასთანავე თალესს დედამიწა წარმოედგინა, როგორც კუნძულები, რომელიც მისი აზრით დიდ მსოფლიო ოკეანეში დატივტივებდა. შედეგად მისმა ნააზრევმა შემდგომში საფუძველი ჩაუყარა დედამიწის სფეროების იდეის საქმეს. იგი ჰილოძოისტი იყო.

აღსანიშნავია, ასევე პარმენიდე ელეელი (დაახლ. ძვ.წ. 540 ან 520- 450), რომელმაც წამოწია იდეა დედამიწის ბირთვისებური ფორმის შესახებ. პარმენიდეს იდეის საფუძველზე ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ევდოქსე კნიდოსელმა (დაახლ. ძვ.წ. 408 - 355) საფუძველი ჩაუყარა კლიმატური სარტყლების იდეას. მანვე შემოიტანა ცნება „ჰორიზონტი“. ევდოქსე კნიდოსელმა პირველად დადგინა დედამიწის სითბური სარტყლები.

ძველ საბერძნეთში უდიდესი გავლენა მეცნიერებაზე მოახდინა არისტოტელემ (ძვ.წ. 384-ძვ.წ.322), რომელმაც შექმნა გეოსფეროების იდეა. არისტოტელე მეცნიერებაში ფაქტებით ლაპარაკობდა. მასვე ეკუთვნის იდეა ერთიანი ოკეანის შესახებ. ცდილობდა აეხსნა მიწისძვრის მოვლენა. თითოეულ მოვლენის გარკვევისას ფაქტებს ეყრდნობოდა. ასევე განავითარა ევდოქსეს იდეები. არისტოტელე თამამად შეიძლება ითქვას რომ იყო ზოგადდედამიწისმცოდნეობის ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „მეტეოროლოგიკა“, რომელშიც გაშუქებულია არაერთი აქტუალური გეოგრაფიული საკითხი, მ.შ. აღწერს მრავალ გეოგრაფიულ ერთეულს.

გეოგრაფიულ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის იკავებდა რუკები.

პირველი გეოგრაფიული რუკა შეადგინა თალესის მოწაფემ, მილეტის სკოლის წარმომადგენელმა ანაქსიმანდრემ (ძვ.წ. 610-546), რომელიც თვლიდა რომ დედამიწა არის სამყაროს უძრავი ცენტრი. იგი ამასთანავე კოსმოსის გეოცენტრული მოდელის შემქნელია.

ძველად ყველა ხალხს ჰქონდა დაახლოებით რუკის მსგავსი ჩანახაზები, თუმცა ეს რუკები მეცნიერულ საფუძველს მოკლებული იყო. რუკა რომ გამოიხატოს როგორც რეალობის სწორი ამსახველი დოკუმენტი, იგი აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მათემატიკურ მეთოდებს. გეოგრაფიაში მათემატიკურ-კარტოგრაფიული მიმდინარეობის პირველშემქმნელია ერატოსთენე კირენელი (ძვ.წ. 276-194), რომელიც გეოგრაფიაში მეთემატიკის საფუძვლების ფუძემდებელია. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.

მათემატიკურ-გეოგრაფიულ მიმდინარეობაში დიდი წვლილი შეიტანა ჰიპარქემ (დაახლ. ძვ.წ. 180/190-ძვ.წ. 125), რომელიც

ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები „განედი“ და „გრძედი“. ჰიპარქემ განავითარა კარტოგრაფიის სტერეოგრაფიული და ორთოგრაფიული პროექციები. იგი უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყოს ასტროლაბის შემქმნელია. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პოსეიდონიოსის (135-51 ძვ.წ.) გაზომვები. პოსეიდონიოსი არისტოტელეს საწინააღმდეგოდ აღნიშნავდა, რომ ეკვატორული სარტყელი შესაძლოა დასახლებული ყოფილიყო.

კარტოგრაფიული აზროვნების უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს კლავდიოს პტოლემეს (დაახლ. 90-168 წწ.) შრომები. მისი მთავარი გეოგრაფიული შრომაა „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ 8 წიგნად. ერთის მხრით, პტოლემე გეოგრაფიას ასტრონომიული თვალსაზრისით მიუდგა. მეორე მხრით, იგი ცდილობდა რომ მისთვის ცნობილი სამყარო დაეტანებინა რუკაზე. დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციის თეორია. მოგვცა 8000 ათასი პუნქტის კოორდინატები. ნაშრომს ახლავს დედამიწის ზედაპირის 27 რუკა. მრავალი საუკუნის მანძილზე პტოლემე რჩებოდა გეოგრაფიის დიდ ავტორიტეტად.

უნდა შევნიშნოთ, რომ ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მიმდინარეობამ ანტიკურ პერიოდში განვითარება ვერ ჰპოვა, თუმცა ბერძენმა ნატურფილოსოფოსებმა და გეოგრაფებმა საფუძველი ჩაუყარეს ფიზიკურ-გეოგრაფიულ დისციპლინებს : ქვეყანათმცოდნეობას, ზოგადდედამიწისმცოდნეობასა და კარტოგრაფიას.

ანტიკური გეოგრაფიული აზრი დაგვირგვინდა მაინც სტრაბონისა და პტოლემეს შრომებით.

შუა საუკუნეები (III ს. - XV ს.)

ევროპაში გეოგრაფიული წარმოდგენები ყალიბდებოდა ბიბლიური დოგმებისა და ანტიკური მეცნიერების ზოგიერთი დასკვნისაგან, რომელიც განწმენდილი იყო ყოველივე ”წარმართულისაგან”. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ცოდნა მხოლოდ ქვეყანათმცოდნეობითი თვალსაზრისით განვითარდა. სხვა დისციპლინები, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათემატიკასთან და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან განვითარება ვერ პოვა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი მივიწყებულ იქნა.

VI საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია კოზმა ინდიკოპლევსტის ცნობილი შრომა, სადაც გაშუქებულია ევროპის, ინდოეთის, შრი-ლანკისა და ეთიოპიის ქვეყანათმცოდნეობითი საკითხები. ამ ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ანტიკური იდეა მხოლოდ არაბულ კულტურაში არის შემონახული. თუმცა ამ იდეებმა შემდგომ განვითარება ვერ მოიპოვა. გეოგრაფიული ცოდნის მატარებლები იყვნენ : ვაჭრები, სამხედროები და მისიონერები.

ქვეყანათმცოდნეობამ ყველაზე დიდი განვითარება მოიპოვა არაბულ ეპოქაში, რომელიც შეპირობებული იყო არაბეთის სახალიფოს სიდიადესთან, რომელიც VIII ს. მოყოლებული ფართოვდებოდა ცენტრალური აზიიდან დაწყებული, დამთავრებული პირენეს ნახევარკუნძულამდე. ქვეყანათმცოდნეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო არაბეთის ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის ტრადიციულ გაგებაში.

არაბული ქვეყანათმცოდნეობითი ნაწარმოები აღწერითი ხასიათისა იყო და იძლეოდნენ დასახლებული პუნქტების, ხალხის, სიმდიდრეების, სავაჭრო მეთოდებისა და გზების აღწერას. ამგვარ ნაწარმოებებს მიეკუთვნება აბუ იბნ ხორდადბეჰის თხზულება - „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“, რომელიც დაწერილია IX საუკუნეში.

აღსანიშნავია, ასევე არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი - ალ-ჰამავი იაკუთი, რომელმაც მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი, მ.შ. მნიშვნელოვანია „გეოგრაფიის ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები.

მეტად მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე იბნ ბატუტას ხანგრძლივი მოგზაურობანი. იბნ ბატუტამ სამყაროს სივრცითი აღწერის საქმე დაიწყო და მოიარა ეგვიპტე, ირანი, არაბეთი, მესოპოტამია, სირია, მცირე აზია, ყირიმი, რუსეთის სამხრეთ ნაწილი, შუა აზია, ინდოეთი, ავღანეთი, ინდონეზია და ჩინეთი. მისი პირველი მოგზაურობა დაიწყო 1325 წელს, ბოლო მოგზაურობა კი განხორციელდა 1352-1353 წწ. და ამჯერად გადაკვეთა საჰარის დასავლური და ცენტრალური ნაწილი. 25 წელი ქვეყანათმომლახველობაში გაატარა და ზღვით გასცურა დაახლ. 130 ათ. კმ. იბნ ბატუტა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოგზაური იყო. ჭეშმარიტი ქვეყანათმომლახველი.

ალ მასუდმა მოახდინა მუსონების აღწერა. იგი იმყოფებოდა მოზამბიკის სრუტეზე და აგრეთვე მუშაობდა ატმოსფერული მოვლენების აღწერაზე.

XI საუკუნის ყველაზე დიდი გეოგრაფი იყო ალ-ბირუნი, რომელმაც დიდი ხანი მოგზაურობაში გაატარა და საფუძვლიანად შეისწავლა ირანის მთიანეთი და ასევე ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი. შესანიშნავად აღწერა ინდოეთი. საუბრობს გეოგრაფიულ პროცესებზე.

არაბული კულტურის უდიდესი მეცნიერი იყო იბნ სინა (980-1037 იგივე ავიცენა), რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში სწერდა დენუდაციური პროცესების შესახებ. აღწერა მთიანი ქვეყნების დამსხვრევის მოვლენები. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არაბული გეოგრაფია თეორიულ წარმოდგენაში ვერ განვითარდა. არაბული გეოგრაფიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მათ განავითარეს სამყაროს სივრცითი წარმოდგენა.

რუკებს არაბულ კულტურაშიც გამორჩეული ადგილი ეკავათ. თუმცა რუკების უდიდესი ნაწილი დაბალი დონისა იყო, რამეთუ მოკლებული იყო გრადუსთა ბადეს. გამონაკლისს შეადგენდა ალ-იდრისი (1100-1165) და მისი რუკები. იდრისის შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა (ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და დაწერა შრომა „გეოგრაფიული გასართობი“, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ცნობებს ხალხის შესახებ. წიგნში შესულია ორი მსოფლიოს რუკა. იდრისიმ ამასთანავე დედამიწა დაყო 7 კლიმატად (ყოველ კლიმატში 10 ნაწილია).

XIII საუკუნის შუა წლებიდან ევროპელთა სივრცობრივი თვალთახედვა გაფართოვდა, მაგრამ ამან ნაკლები ზეგავლენა მოახდინა მათ გეოგრაფიულ თვალსაწიერზე. გეოგრაფიული ცნობების მოპოვება დაიწყეს მისიონერებმა პლანო კარპინიმ და ვილემ რუბრუკვისმა. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე მარკო პოლოს ნაშრომები. ამ პერიოდში ვითარდებოდა რუკების შედგენის ხელოვნებაც.

XV საუკუნეში სპარსეთსა, ინდოეთსა და თურქეთში იმოგზაურა ათანასე ნიკიტინმა.

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. - XVII ს.)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ. ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას). ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.

ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.

XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.

უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი. მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობა:

    პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 - 15 მარტი 1493)
    მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 - 11 ივნისი 1495)
    მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 - 25 ნოემბერი 1500)
    მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 - ნოემბერი 1504)

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღვაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთი  მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.

ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა

რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა - პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459-1507) გამოიგონა გლობუსი.

გეოგრაფიული ცოდნის მეცნიერული სისტემატიზაცია (XVII ს. - XIX ს.)

XVII საუკუნიდან მოყოლებული ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო ძველი ავტორებისა და არაბების წერილებისა და კომენტარების თარგმნები. ამასობაში იმატა ინტერესმა ქვეყნების ბუნებრივი პირობების შესწავლისა და დედამიწის ბუნების ახსნისადმი. XVIII-XIX საუკუნეებში განხორციელდა დიდი სამეცნიერო საბუნებისმეტყველო ექსპედიციები, რომელიც მეცნიერურ ამოცანებსაც ისახავდა მიზნად.

დიდმა მეცნიერმა ფრანსის ბეკონმა (1561-1626) მოახდინა რეფორმა მეცნიერულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიაში. მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს მეცნიერულ გეოგრაფიაში აღმოჩენების საქმეს და საუბრობდა მათ მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716), ჟორჟ ბიუფონისა (1707-1788) და მიხეილ ლომონოსოვის (1711-1765) წარმოდგენები დედამიწის ბუნების შესახებ.

პირველ მეცნიერ მოგზაურად შეიძლება მივიჩნიოთ ედმუნდ ჰალეი (1656-1742) - ცნობილი ასტრონომი და გეოფიზიკოსი. იგი მონაწილეობდა წმინდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც ცდილობდა დედამიწის მაგნეტიზმის გარკვევას. უნდა დავასახელოთ აგრეთვე უილიამ დამპირი (1651-1715) ზღვაოსანი და მეკობრე, რომელმაც შეასრულა სამი დიდი ზღვაოსნური მარშრუტი. შედეგად დასწერა ნაშრომი, სადაც აღწერა ზღვის მარილიანობა, ასევე ცდილობდა დაედგინა ოკეანური დინებებისა და ქარის ურთიერთკავშირი.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე დანიელ გოტლიბ მესერშმიდტის (1685-1735) მოგზაურობა, რომელსაც მოჰყვა დიდძალი ბოტანიკურ-ზოოლოგიური, მინერალოგიური, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კოლექციების შეგროვება. შედგენილი აქვს რუკები, აღმოაჩინა სასარგებლო წიაღისეულები და ა.შ.

XVIII საუკუნეში გრანდიოზული სამეცნიერო და საბოლოოდ გახსნითი ექსპედიციები მოაწყო წარმოშობით დანიელმა ზღვაოსანმა ვიტუს ბერინგმა (1681-1741), რომლის შედეგად ალექსი ჩირიკოვთან ერთად აღმოაჩინა ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკა და ალეუტის კუნძულები.

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს ფიზიკურ გეოგრაფიაში არ შექმნილა დიდი განმაზოგადებელი შრომები.

თეორიული აღმოჩენები და გეოგრაფიის დიფერენციაცია (XIX ს.- XX ს.)

XIX საუკუნე არის გეოგრაფიის შექმნის თარიღი. სწორედ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა გეოგრაფია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. წლების მანძილზე დაგროვილმა ფაქტობრივმა მასალამ და თეორიულმა სინთეზმა განპირობა გეოგრაფიის შიდა კანონზომიერებანი. ასევე გეოგრაფიულმა აღმოჩენებმაც იქონია გავლენა სამყაროს წარმოდგენის შესახებ. XIX საუკუნის მკვლევართაგან აღსანიშნავია: დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873), ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი (1833-1905), ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888) და ფრიტიოფ ნანსენი (1861-1930).

თეორიული გეოგრაფიის საკითხებზე მუშაობდნენ ბუნების დიდი მკვლევარები ალექსანდერ ჰუმბოლდტი (1769-1859) და კარლ რიტერი (1779-1859). სწორედ ამ ორმა მკვლევარმა აიყვანა გეოგრაფია პროფესიონალ დონეზე და მათ საბოლოოდ აწარმოეს გეოგრაფიული კვლევის სინთეზი.

ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტი იყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენია, დიდი მოაზროვნე და გეოგრაფი, რომელმაც დაწერა ცნობილი შრომა «კოსმოსი». განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი ხუთწლიანი მოგზაურობა ლათინურ ამერიკაში. მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. მეცნიერების მრავალმხრივი მცოდნე იყო. მისი შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას.

XIX საუკუნის გეოგრაფიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე კარლ რიტერმა, რომელიც გეოგრაფიის პირველი პროფესიონალი მცოდნე პროფესორი იყო. არაერთი დიდმოცულობითი შრომის ავტორია. კარლ რიტერის ნაშრომში „erdkunde“ მოცემულია გეოგრაფიის როგორც „ამხსნელი“ მეცნიერების განსაზღვრა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით ცდილობდა მრავალი ბუნებრივი მოვლენის კლასიფიკაციასა და ახსნას, ამით იგი დაუახლოვდა ლანდშაფტის მთლიანობის თანამედროვე წარმოდგენას. კარლ რიტერი გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრე იყო.

ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტისა და კარლ რიტერის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის გეოგრაფიული აზროვნების განვითარებაზე.

ამავე პერიოდში რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში დაარსდა გეოგრაფიული სკოლები, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდათ. აქვე აღიზარდა მრავალი გამოჩენილი გეოგრაფი, რომლებმაც თავიანთი შრომებით, საფუძველი ჩაუყარეს როგორც მეცნიერულ გეოგრაფიასა და მისი აზრის განვითარებას, ისე მის მომიჯნავე დარგების შესწავლის საქმეს.

XIX საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო გეოგრაფიული მეცნიერების ინტენსიური დიფერენციაცია. ფიზიკურ გეოგრაფიას გამოეყო საკმაოდ ბევრი სპეციალური დარგი (მაგ. გეომორფოლოგია), ხოლო ამ უკანასკნელს ქვედარგები. ახალმა გამოყოფილმა დარგებმა გაზარდეს გეოგრაფიული კვლევის არე და მისი პერსპექტივა. დიფერენციაცია წლების მანძილზე მიმდინარეობდა, რის საფუძველზე გეოგრაფიამ მჭიდრო კავშირი დაამყარა ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან, მ.შ. გეოგრაფია ოკეანოლოგიისა და ჰიდროლოგიის საშუალებით უკავშირდება გეოფიზიკას; კლიმატოლოგიისა და ლანდშაფტოლოგიის მეშვეობით დაკავშირებილია ბიოგეოცენოლოგიასთან; გეოლოგიას იგი უმთავრესად გეომორფოლოგიით უკავშირდება, ჰიდროლოგია გეოგრაფიას აკავშირებს ჰიდროტექნიკასთან, ჰიდრავლიკასთან; ბიოგეოგრაფია კი გეოგრაფიას ბიოლოგიასთან აკავშირებს. გარკვეულ წილად გეოგრაფია უკავშირდება მათემატიკას, გეოქიმიასა და გეობოტანიკას.

გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება ასევე სპელეოლოგია, პალეოგეოგრაფია და გლაციოლოგია. გეოგრაფიასთან უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერების სპეციფიური დარგი კარტოგრაფია.

თანამედროვე პერიოდი (XXI ს.)

XXI საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია ერთი მთლიანი მსოფლიო ოკეანე (ზღვებითურთ) და შვიდი კონტინენტი. ცნობილია დედამიწის უამრავი ბუნებრივი უბანი (დიდი თუ პატარა). გამოკვლეულია მსოფლიო ოკეანეც და მის ირგვლივ გარშემორტყმული ხმელეთიც. და ბოლო-ბოლო ვიცით რომ დედამიწა მრგვალია და მოქცეულია მზის სისტემაში და ბრუნავს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. XX საუკუნეში დაგროვილმა დიდმა სამეცნიერო მასალამ თავისი გაგრძელება ჰპოვა XXI საუკუნეშიც. თუმცა XXI საუკუნეს ჯერ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელიც. XX-XXI სს. არსებითი კავშირი მაინც არსებობს. ერთგვარად XXI საუკუნე გეოგრაფიული აზრებისა და იდეების გაგრძელების ხანაა.

მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე მხოლოდ ”ახალგაზრდა” გეოგრაფიული პერიოდია, მაინც არსებობს წარმატებები და დაწერილია არაერთი სამეცნიერო შრომა. დღეისათვის არსებობს მრავალი გეოგრაფიული დაწესებულება, მ.შ. ინსტიტუტები, საზოგადოებები, კავშირები და სხვა, მნიშვნელოვნად გაუწევს კოორდინაციას გეოგრაფიული აზრის შემდგომ განვითარებას. XX საუკუნეში შექმნილმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა უდიდეს გეოგრაფიულ წარმატებას მიაღწია და ასეთი ტემპებით წინსვლა გამოიწვევს ასევე XXI საუკუნეში ახალი გეოგრაფიული შეხედულებების, აზრებისა და თეორიების შექმნას და საბოლოოდ მათ დამუშავებას. მითუმეტეს, რომ XXI საუკუნეს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რამეთუ მეცნიერებას მხარს უჭერს განვითარებული და მუდამ წინსვლითი ტექნიკა.

ფიზიკური გეოგრაფია

ფიზიკური გეოგრაფია არის დედამიწის გეოგრაფიული გარსის კომპლექსურად შემსწავლელ გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემა. იგი შედგება გეოგრაფიული გარსის და მისი სტრუქტურული ნაწილების - ბუნებრივი ტერიტორიული კომპლექსების - ზოგადი თავისებურებების შემსწავლელი მეცნიერებისა (დედამიწისმცოდნეობა, ლანდშაფტმცოდნეობა, პალეოგეოგრაფია) და კერძო, გეოგრაფიული გარსის ცალკეული კომპონენტების შემსწავლელ მეცნიერებათაგან (გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, გლაციოლოგია, გეოკრიოლოგია, ნიადაგების გეოგრაფია, ბიოგეოგრაფია).